ფოთის „ცხელების ცენტრში“ საეჭვო სიმპტომების მქონე მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის ჰოსპიტლის „ცხელების ცენტრში“ საეჭვო სიმპტომების მქონე 40 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
მას ცხელება, ცალმხრივი პნევმონია და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.
„ლანჩხუთიდან 40 წლის მამაკაცის ანალიზის პასუხი ცნობილია და იგი უარყოფითია. მისი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის იყო გაგზავნილი. ამჟამად, მისი შემდგომი მკურნალობის მიზნით, ვახორციელებთ მის რეფერალს სხვა კლინიკაში“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.
ამ დროისთვის ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით კიდევ ოთხი პაციენტია მოთავსებული.
სამის ბიოლოგიური მასალა უკვე გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის, ერთი კი ხვალ გაიგზავნება.
პაციენტთაგან ყველაზე პატარა 7 თვის გოგონაა.
„ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ ოთხივე პაციენტს აღენიშნება ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები. ესენი არიან: 7 თვის გოგონა, 14 წლის ბიჭი და 55 წლის მამაკაცი ფოთიდან, ასევე 37 ქალი ლანჩხუთიდან. სამი პაციენტის ნიმუში უკვე გავაგზავნეთ კვლევისათვის. მეოთხე კი ცოტა ხნის წინ შემოვიდა კლინიკაში, ხვალ ჩაუტარდება ტესტირება. ოთხივე მათგანი მოთავსებულები არიან ბოქსირებულ პალატებში“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.