ფოთის ცხელების ცენტრში მოთავსებულ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის ჰოსპიტალში, ცხელების ცენტრში მოთავსებულ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. საუბარია იმ პაციენტებზე, რომელთა ბიოლოგიური მასალაც ლუგარის ლაბორატორიაში დღეს დილით გაიგზავნა. პაციენტები ფოთის ცხელების ცენტრში ფოთიდან, ოზურგეთიდან და ქობულეთიდან შეიყვანეს.
„ლუგარის ლაბორატორიიდან ხუთ პაციენტზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ, ორი პირი ოზურგეთიდანაა, ორი ქობულეთიდან, ერთი კი ადგილობრივია. ახლა ავიღეთ ბიოლოგიური მასალა კიდევ ორ პაციენტზე და ლაბორატორიაში დილით გაიგზავნება. ორივე მათგანი ასაკოვანი პაციენტია, 82 და 86 წლის მამაკაცები არიან. ორივეს აღენიშნება პნევმონია. მოგზაურობის ისტორია და ინფიცირებულთან კონტაქტი არ აქვთ, მაგრამ, გამომდინარე, იქიდან რომ ასაკოვნები არიან და აქვთ გარკვეული ქრონიკული დაავადებები, ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, აგვეღო მათი ნიმუშები“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.