ფოთის ცხელების ცენტრიდან ლაბორატორიაში ექვსი პაციენტის, მათ შორის რვა თვის ბავშვის ანალიზი გაიგზავნება
ფოთის ცხელების ცენტრში სხვადასხვა ლოკაციიდან ექვსი პაციენტია მოთავსებული. ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ყველა მათგანს აღენიშნება ცხელება.
ექვს პაციენტს შორის ერთ-ერთი რვა თვის ჩვილია. ჰოსპიტლის დირექტორის ინფორმაციით, მათი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში პირველ საათამდე გაიგზავნება.
„ცხელების ცენტრში 112-ის მიერ შემოყვანილ იქნა ექვსი პაციენტი. ესენი არიან 10 წლის ბავშვი ქობულეთიდან, რვა თვის ჩვილი ფოთიდან, 22 და 66 წლის მამაკაცები ზუგდიდიდან, 79 წლის მამაკაცი მესტიიდან, 23 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან. ყველა მათგანს აღენიშნება ცხელება“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით ფოთში, თვითიზოლაციის რეჟიმში 24, ხოლო კარანტინში ოთხი ადამიანი იმყოფება.