ფოთის ცხელების ცენტრიდან კორონავირუსზე გამოსაკვლევად სამი პაციენტის ანალიზი გაიგზავნება
ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ცხელების კლინიკაში საეჭვო სიმპტომების სამი პაციენტია მოთავსებული.
როგორც ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა განაცხადა, პაციენტები ბოქსირებულ პალატებში არიან და აგრძელებენ მკურნალობას.
„ჩვენს კლინიკაში იმყოფება 31 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან, 27 წლის მამაკაცი ფოთიდან და 20 წლის ქალი ჭალადიდიდან. ყველა მათგანს ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. მათი ბიოლოგიური მასალა უკვე აღებულია და იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ფოთის ჰოსპიტალში განთავსებული ცხელების კლინიკის ხუთ პაციენტს უკვე ჩაუტარდა ტესტირება და მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
„დღეს დილით მივიღეთ პასუხები. ცნობილი გახდა, რომ ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებს კორონავირუსი არ აქვთ. ესენი არიან 87 და 75 წლის მამაკაცები ლანჩხუთიდან, 33 წლის ქალი, ერთი წლის და ასევე, 11 თვის ბავშვები ფოთიდან. ნაწილი გაეწერება კლინიკიდან, ნაწილი კი, მდგომარეობის შესაბამისად გაიგზავნება შემდგომი მკურნალობის მიზნით“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.