ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო ლეფსაია ავრცელებს.
მისი თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კლინიკაში გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.
„კარანტის გამოცხადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, თუმცა ლაბორატორიულად გამოკვლეული არ არის და ვერ გეტყვით, რომ ეს იყო H1N1 ვირუსი, იგი მწვავე პნევმონიით დაიღუპა. ამ ეტაპზე ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. სამედიცინო დაწესებულებებს გრიპის ვირუსის სიმპტომებით 1427-მა პაციენტმა მიმართა, აქედან 38 არის ჰოსპიტალიზებული, ხოლო მწვავე , გართულებული ფორმით იყო ოთხი შემთხვევა, მათ შორის ერთი გარდაცვალება. მინდა, მოსახლეობა დავამშვიდო, რადგან სიტუაცია არაა საგანგაშო,“ – აღნიშნა ნინო ლეფსაიამ.
ამ დროისთვის ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით 11 პაციენტი მკურნალობს. ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.