„ფორსაჟი 9“-ის გადაღებების გამო, 26 აგვისტოდან პირველი სექტემბრის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
26 აგვისტოდან პირველი სექტემბრის ჩათვლით, ფილმის Fast and Furious 9-ის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებების გამო, რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტრანსპორტის მოძრაობა 26 აგვისტოს 23:00 საათიდან აიკრძალება თავისუფლების მოედნიდან ყოფილი „ფოსტის“ შენობამდე. ავლაბრიდან მომავალი ავტოტრანსპორტის ნაკადი ბარათაშვილის ხიდის გავლით იმოძრავებს როგორც თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ასევე ორბელიანის მოედნიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით.
ამასთან, რუსთაველის მეტროდან მოძრავ ავტოტრანსპორტს მოძრაობა შეეძლება ყოფილი „ფოსტის“ შენობამდე რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით.
უწყების ცნობით, მოძრაობა აიკრძალება რუსთაველის გამზირზე შემომსვლელ და გამსვლელ ყველა ქუჩაზე.
ზემო ვერაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი ისარგებლებს გრიბოედოვისა და ბარნოვის ქუჩებით, რომელთა გავლით მოხვდება რუსთაველის გამზირზე.
„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით დაარეგულირებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს, საჭიროების შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას“, – აცხადებენ შსს-ში.