ფორმულა 1-ის მფლობელი კომპანია Liberty აპირებს წარმოადგინოს სარბოლო უქმეების ფორმატის განახლების გეგმა. “სამეფო რბოლების” მფლობელებს მიაჩნიათ, რომ აუდიტორიის საშუალო ასაკი ძალიან მაღალია, ამიტომაც, უფრო ახალგაზრდა გულშემატკივართა მოსაზიდად, სურთ გახსნან ბოქსები გულშემატკივრებისთვის, რათა პარასკევს მათ შეძლონ ფორმულა 1-ის ყველა ბოლიდის ახლოდან ნახვა და მათი დეტალებში დაკვირვება, – წერს გერმანული Auto Motor und Sport.
ახალი გეგმის მიხედვით, გუნდები პარასკევს ჩაატარებენ ორ თითოსაათიან ვარჯიშს. შაბათს, ტრადიციულად, გაიმართება კვალიფიკაცია, რომლის მიხედვითაც შედგება სასტარტო ბადე 100-კილომეტრიანი მოკლე სპრინტისთვის. ამ რბოლის შედეგებით კი უკვე კვირის სასტარტო განლაგება გახდება ცნობილი.
ამასთან, საკვალიფიკაციო რბოლაში გუნდებს არ დასჭირდებათ საწვავის ეკონომია, აუცილებლად საბურავების გამოცვლა და პიტსტოპების შესრულება. მთავარი მიზანია – პილოტებს მისცენ შესაძლებლობა სრული ძალით შეუტიონ მთელი რბოლის განმავლობაში.