„ფორბსი“ - კურსკის რეგიონში უკრაინამ ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი და სწრაფი ბრიგადა გაგზავნა
რუსეთში, კურსკის რეგიონში უკრაინამ ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი და სწრაფი ბრიგადა გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორბსი“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ საუბარია მე-80 სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაზე. „ფორბსის თანახმად, სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ვიდეოში გამოჩნდა „ტე-64“-ის და „ტე-80“-ის ტიპის ტანკები, საინჟინრო მანქანები, „ბეტეერ-80“-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების და ამერიკული წარმოების „სტრაიკერის“ ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები, რომლებიც უკრაინის ნაღმმტყორცნელთა ბრიგადასთან ერთად გადაადგილდებოდნენ. გამოცემა წერს, რომ ეს ხაზს უსვამს კურსკის რეგიონში უკრაინის ოპერაციის მასშტაბებს.
„ფორბსის“ ცნობით, უკრაინის მიმდინარე ოპერაცია სხვებისგან განსხვავებულია, რადგან მასში ჩართულია, სულ მცირე სამი ბრიგადა, თითოეულში 2 000-მდე ჯარისკაცით: 22-ე და 88-ე მექანიზებული ბრიგადები და მე-80 სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა.