„ფოქს ნიუსი“ - ტრამპის გუნდი ბაიდენისგან „ტრანსგენდერების ხილვადობის დღედ“ 31 მარტის გამოცხადების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს, რადგან ეს დღე წელს კათოლიკური ეკლესიისთვის აღდგომაა
დონალდ ტრამპის გუნდი პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან მილიონობით ქრისტიანის წინაშე ბოდიშის მოხდას ითხოვს „ტრანსგენდერების ხილვადობის დღედ“ 31 მარტის გამოცხადების გამო, რომელიც წელს კათოლიკური ეკლესიისთვის აღდგომაა, – ინფორმაციას ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.
დონალდ ტრამპის პრესმდივნის, კეროლაინ ლივიტის განცხადებით, ჯო ბაიდენის მიერ „აღდგომის კვირის ტრანსგენდერთა ხილვადობს დღედ ფორმალურად გამოცხადება“ არის „საზარელი და შეურაცხმყოფელი“.
როგორც ყოფილი პრეზიდენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, პრეზიდენტის ეს „გადაწყვეტილება არის ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ქრისტიანული რწმენაზე მრავალწლიანი თავდასხმის მაგალითი“.
„ჩვენ მოვუწოდებთ ჯო ბაიდენის წარუმატებელ კამპანიას და თეთრ სახლს, მოიხადონ ბოდიში აშშ-ში მილიონობით კათოლიკისა და ქრისტიანის წინაშე, რომლებსაც სჯერათ, რომ ხვალ მხოლოდ ერთი დღესასწაულია – იესო ქრისტეს აღდგომა“, – განაცხადა კეროლაინ ლივიტმა შაბათს გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, ტრამპის გუნდში აღნიშნავენ, რომ თეთრი სახლის სააღდგომო ღონისძიებაზე აიკრძალა რელიგიური თემატიკით მოხატული კვერცხები. კვერცხების მოხატვის კონკურსის წესებში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი დიზაინი არ უნდა შეიცავდეს საეჭვო შინაარსს, რელიგიურ სიმბოლოებს, რელიგიურ თემებსა ან პარტიულ პოლიტიკურ განცხადებებს.
29 მარტს თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა პროკლამაცია, რომლითაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 31 მარტი ტრანსგენდერთა დღედ გამოაცხადა. როგორც „ფოქს ნიუსი“ აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ბაიდენმა პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, 31 მარტი ეძღვნება ტრანსგენდერთა მოძრაობას. წელს ეს დღე ქრისტიანებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს – აღდგომას დაემთხვა.
წელს 31 მარტს აღდგომას კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიები აღნიშნავენ.
„მე, ჯოზეფ ბაიდენ უმცროსი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, შეერთებული შტატების კონსტიტუციით და კანონებით მინიჭებული უფლებამოსილებით, ვაცხადებ 2024 წლის 31 მარტს ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ. მოვუწოდებ ყველა ამერიკელს, შემოგვიერთდეს ტრანსგენდერი ადამიანების სიცოცხლისა და ხმის დაცვაში ჩვენს ქვეყანაში და იმუშაონ გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად“, – ნათქვამია პროკლამაციაში.
ბაიდენის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკოსთა ნაწილისა და კონსერვატორი კომენტატორების კრიტიკა მოჰყვა.
„ბაიდენის თეთრმა სახლმა უღალატა აღდგომის მთავარ მრწამს, რაც არის იესო ქრისტეს აღდგომა. წმინდა ჭეშმარიტებისა და ტრადიციის აკრძალვა და ამავე დროს აღდგომის კვირის „ტრანსგენდერთა დღედ“ გამოცხადება აღმაშფოთებელი და საძაგელია. ამერიკელი ხალხი ამას ითვალისწინებს“, – დაწერა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, ენდრიუ ბეიტსის განცხადებით, ჯო ბაიდენი „არასდროს გამოიყენებს ბოროტად თავის რწმენას პოლიტიური მიზნებისთვის ან სარგებლისთვის“.
„როგორც ქრისტიანი, რომელიც აღდგომას ოჯახთან ერთად აღნიშნავს, პრეზიდენტი ბაიდენი ემხრობა ხალხის გაერთიანებას და თითოეული ამერიკელის ღირსებისა და თავისუფლებების დაცვას. სამწუხაროდ, არ არის გასაკვირი, რომ პოლიტიკოსები მიისწრაფიან ჩვენი ქვეყნის დაყოფისა და დასუსტებისკენ ბოროტი, სიძულვილით სავსე და არაკეთილსინდისიერი რიტორიკით. პრეზიდენტი ბაიდენი არასდროს გამოიყენებს ბოროტად თავის რწმენას პოლიტიური მიზნებისთვის ან სარგებლისთვის“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ენდრიუ ბეიტსმა.
„ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე“ 31 მარტს 2009 წლიდან აღინიშნება. მას საფუძველი ჩაეყარა როგორც ტრანსგენდერების შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ 31 მარტი „ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ“ გამოცხადების შესახებ პროკლამაცია 2021 წელს გამოაქვეყნა და მას შემდეგ ის ყოველწლიურად ქვეყნდება.