შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ფონიჭალის ხევში დასუფთავების მასშტაბურ ღონისძიებას ჩაატარებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სამუშაოების ფარგლებში, პრევენციის მიზნით, ხევი ფერდობებიდან ჩამოშლილი მიწისა და ქვა-ღორღისგან გაიწმინდება.
ამასთან, კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს მარტში, დიდთოვლობის დროს დედაქალაქის გზებზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.
„თბილსერვის ჯგუფი“ ფონიჭალის ხევში დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს იწყებს. სამუშაოების ფარგლებში, პრევენციის მიზნით, ხევი ფერდობებიდან ჩამოშლილი მიწისა და ქვა-ღორღისგან გაიწმინდება. ძალიან ცუდი მდგომარეობაა იქ ამ კუთხით და აუცილებელია ამ სამუშაოების წარმოება. დასუფთავების ღონისძიება დაახლოებით ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში სანიაღვრე და სადრენაჟე ექსპლუატაციის დეპარტამენტის 60-მდე თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას. „თბილსერვისს“ მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. მარტში, უჩვეულო დიდთოვლობის დროს მათ საკმაოდ შრომატევადი სამუშაო გასწიეს. 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ, რათა განსაკუთრებით ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა არ შეზღუდულიყო და საზოგადოებრივ ტრანსპორტს თუ მსუბუქ ავტომანქანებს გადაადგილება თავისუფლად შესძლებოდათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ფონიჭალის ხევში ასევე მობილიზებული იქნება ათი ერთეული სპეციალური ტექნიკა.