ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი ორმოედნიანი თანამედროვე სტანდარტების სარაგბო კომპლექსი შენდება
ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი ორმოედნიანი თანამედროვე სტანდარტების სარაგბო კომპლექსი შენდება.
სამეგრელოში ეს მეორე პროექტია, ფოთის სარაგბო სტადიონის შემდეგ, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ახორციელებს.
მშენებლობის პროცესი საქართველოს რაგბის კავშირის, საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა ქართუმ 14 საუცხოო სარაგბო ბაზა ააშენა.
„რაგბის განვითარებისთვის ზრუნვა გრძელდება. ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა ქართუმ 14 საუცხოო სარაგბო ბაზა ააშენა. მათ შორის ერთი ქალაქ ფოთში. ახლა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზის მშენებლობა ზუგდიდში მიმდინარეობს. ვფიქრობ, ცოტა დაგვიანებულიც კია. ზუგდიდს აუცილებლად უნდა ქონდეს გამართული სარაგბო ინფრასტრუქტურა, რადგან ამ რეგიონმა ბევრი სახელოვანი მორაგბე აღუზარდა ქართულ რაგბის. ბაზას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა მიეცემა, რადგან აფხაზეთის სიახლოვეს გვექნება შესანიშნავი სარაგბო კომპლექსი. მეზობელი სოფლებიდან ბავშვები შეძლებენ რაგბში ჩაერთონ. იმ ამბიციური გეგმების განხორციელებას კი, რომელიც გაცხადებული გვაქვს, სამეგრელოსა და ჩვენი აფხაზი ძმების გარეშე ვერ შევძლებთ. დღეს ჩვენ მოვიარეთ, დავათვალიერეთ, ვნახეთ სამშენებლო პროცესი და, ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვები უკვე შეძლებენ ვარჯიშს. ველით, რომ მათგანაც მივიღებთ მაღალი დონის მორაგბეებს. მომდევნო წლები გამორჩეული იქნება სარაგბო აქტივობით. ახლახანს, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა და გარწმუნებთ, წინ დიდი გამარჯვებები გველოდება“, – განაცხადა იოსებ ტყემალაძემ.
ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ფონდი განაგრძობს რაგბის მხარდაჭერის პროგრამას.
„ჯამში ჩვენ თოთხმეტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო ბაზა ავაშენეთ. დავიწყეთ ზუგდიდში მორიგი ბაზის მშენებლობა. ეს ბაზა ოთხ ჰექტარზე იქნება განთავსებული. ორი მოედნიდან ერთი ხელოვნურსაფარიანი იქნება, მეორეზე კი, ბუნებრივი საფარი დაიგება. აშენდება სასტუმრო, სადაც საწვრთნელი შეკრებებისას შეიძლება დაბინავდნენ კლუბები, ასაკობრივი ნაკრებები. ეს პროექტი ზუგდიდისთვის იქნება უმნიშვნელოვანესი სპორტის განვითარების კუთხით, ასევე მთელი რეგიონისთვის, ვინაიდან აფხაზეთიდანაც შეძლებენ მსურველები რაგბიში ჩაბმას. ვფიქრობ, ამით ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო საქმე გაკეთდება“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
პროექტის შესახებ ისაუბრა ასევე ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ:
„საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ზუგდიდში დაიწყო უმნიშვნელოვანესი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. პროექტი მოიცავს ორ სარაგბო მოედანს, ბუნებრივი და ხელოვნური საფარით. ასევე გათვალისწინებულია სასტუმრო და ყველა მნიშვნელოვანი დამხმარე ინფრასტრუქტურა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სტანდარტების მქონე ობიექტს, რომელიც ასევე იქნება წამახალისებელი ამ უბნის, როგორც ინფრასტრუქტურული ასევე, ურბანული განვითარებისთვის. მადლობა მინდა, გადავუხადო ფონდ „ქართუს“ იმ იმიჯის შემქმნელი ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის, რომელიც მიმდინარეობს ან უკვე დასრულდა ჩვენს ქალაქში. ესენია დრამატული თეატრი, ნიკოსეული სასახლე და ბოტანიკური ბაღის საპროექტო სამუშაოები. ეს ის დახმარებაა, რომლის გარეშეც ამ ობიექტების რეაბილიტაცია წარმოუდგენელი იყო ადგილობრივი ბიუჯეტით“, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.