ბიძინა ივანიშვილი ძველ ხიბულაში დაგეგმილ პროექტებზე- ჩათვალეთ, ამას ის კაცი გიკეთებთ, ვინ აქ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა
სოფელ ძველ ხიბულაში, სახლში, სადაც ზვიად გამსახურდია დაიღუპა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მუზეუმი გაიხსნება. ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხიბულაში ყოფნის დროს გახდა ცნობილი.
ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებითვე, მუზეუმის გარშემო გაკეთდება დასასვენებელი პარკი და აშენდება ეკლესია. ხიბულაში ყოფნისას ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
ასევე გადაწყდა, რომ სოფელში მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, მოხდება გაზითა და წყლით უზრუნველყოფა. ამის გარდა, როგორც მთავარი, ისე შიდა გზების რეაბილიტაციას, რასაც ამ ეტაპზე ვერ წვდება სახელმწიფო, ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს. ადგილობრივებს ბიძინა ივანიშვილი ახალი საბავშვო ბაღის აშენებასაც დაჰპირდა. შესაბამისი დავალებები მან ფონდ „ქართუს“ თავმჯდომარეს ნიკო ჩხეტიანს მისცა.
„ჩათვალეთ, რომ ამას ის კაცი გიკეთებთ, ვინც აქ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა“, – ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას.
ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში იმყოფებოდა.