ფო​თში თვითიზოლაციაში 61 მოქალაქე იმყოფება, 24-ს კი თვითიზოლაციის პერიოდი ამოეწურა
ფო​თში თვითიზოლაციაში 61 მოქალაქე იმყოფება, 24-ს კი თვითიზოლაციის პერიოდი ამოეწურა

ფო​თში თვითიზოლაციაში 61 ადამიანი იმყოფება. ამასთან, ფოთის ოთხი მცხოვრები იმყოფება ბათუმის საკარანტინო სივრცეში.

თვითიზოლაციის პერიოდი დაუმთავრდა 24 მოქალაქეს. ექიმების თქმით, მათ არანაირი გართულებები და კლინიკური ნიშნები არ გამოვლენიათ.

„მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას 24-საათიან რეჟიმში. ამ ღონისძიებებში აქტიურად ჩართული არიან შსს-ს სხვადასხვა უწყებები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და თავისთავად, საზოგადოებრივი ჯანდაცვა. ასეთი კოორდინირებული მუშაობით, ვფიქრობთ, შემთხვევები შესაძლებელია, იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობას აქვს საფუძველი, რომ პანიკა არ შეიქმნას. ძირითადი, რაც ამ ღონისძიებების გატარებაში არის, რომ ადამიანები უნდა გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიაქციონ ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, რათა ისინი დარჩნენ ბინაზე, მოუარონ თავიანთ მოხუცებს, მშობლებს, იყონ მშვიდად და წყნარად. პანიკა და ემოციები ნამდვილად ართულებს სიტუაციას“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა კორონავირუსის ინფექციასთან გამკლავების თვალსაზრისით.

„ღონისძიებები ტარდება კოორდინირებულად, მთავრობის ხელმძღვანელობით, დაავადებათა კონტროლის დატვირთული რეჟიმით და თავისთავად ჩვენ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენს ქალაქში არ გავრცელდეს ეს ინფექცია და თუ იქნა შემოტანის ერთეული შემთხვევები, აღვკვეთოთ მათი გადაცემის გზები“, – განაცხადა ზინაიდა გაგუამ.