ფლორიდის შტატში, ვაქცინაციის ადგილზე, სადაც 65 წელს ზემოთ ადამიანებს ცრიან, ორი ახალგაზრდა ქალი ვაქცინის მისაღებად მოხუცის ტანსაცმლით მივიდა
აშშ-ის ფლორიდის შტატში ორი ახალგაზრდა ქალი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად კლინიკაში მოხუცის ტანსაცმლით მივიდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 34 წლის და 44 წლის ქალებს კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება სურდათ.
ფლორიდის შტატის ჯანდაცვის სამმართველოს წარმომადგენლის, რაულ პინოს განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში მონაწილე თანამშრომლების ყურადღება მიიქცია ფაქტმა, რომ ქალები „სასაცილოდ გამოიყურებოდნენ“ და მათ აცრაზე უარი უთხრეს. პინოს თქმით, ამ დრომდე გაურკვეველია, როგორ მოახერხეს აღნიშნულმა მოქალაქეებმა ვაქცინის პირველი დოზის მიღება.
მედიის ცნობით, მოქალაქეებმა ვაქცინაციის მოქმედი ბარათები წარადგინეს.
ვაქცინაციის ადგილზე, სადაც ამჟამად 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს ცრიან, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.