ფლორიდაში მომხდარ თავდასხმაში, რომელსაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, პოლიციას მხოლოდ ერთი ეჭვმიტანილი ჰყავს
ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯექსონვილში მომხდარ სროლაში სამართალდამცველებს მხოლოდ ერთი ეჭვმიტანილი ჰყავთ.
გამოძიების თანახმად, პირი, რომელიც სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე მოკლეს, ერთადერთი ეჭვმიტანილია. ამის შესახებ ჯექსონვილის შეირფმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მაიკ უილიამსის ცნობით, თავდამსხმელი თეთრკანიანი მამაკაცია. ამჟამად მისი იდენტიფიცირება მიმდინარეობს.
ფლორიდის შტატის ქალაქ ჯექსონვილში მასობრივი სროლა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. თუმცა სამართალდამცველი უწყებები ზუსტ რიცხვს ჯერჯერობით არ ასახელებენ. მასობრივი სროლა გასართობ კომპლექსში ვიდეო თამაშის ტურნირის დროს მოხდა.
შემთხვევის ადგილი ამ დრომდე სამართალდამცველებს აქვთ დაკავებული. პოლიცია მოსახლეობას გასართობი კომპლექსისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებს.
ფლორიდის შტატში მომხდარ მასობრივ სროლასთან დაკავშირებით ინფორმირებულია დონალდ ტრამპიც. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა. სარა სანდერსმა დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ქალაქ ჯექსონვილში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებს.