ფლორიდაში, დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან რამდენიმე კილომეტრში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი ცხრავე პირი ადგილზე დაიღუპა
აშშ-ში, ფლორიდის შტატში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა და აფეთქდა. ბორტზე ცხრა ადამიანი იმყოფებოდა. მედიის ცნობით, ბორტზე მყოფი ცხრავე პირი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევა დონალდ ტრამპის რეზიდენციიდან, მარ-ა-ლაგოდან დაახლოებით 14 კილომეტრში მოხდა.
აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) ინფორმაციით, ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:50 საათზე მოხდა. უწყების ცნობით, თვითმფრინავი ტეხასის შტატიდან ბაჰამის კუნძულებისკენ მიემართებოდა.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ და ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ გამოძიება დაიწყეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ეშვება თვითმფრინავი, რის შემდეგაც აფეთქება ხდება.