ფხენიანის მუქარის შემდეგ CNN ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებით დაინტერესდა
ჩრდილოეთ კორეა დაარტყამს სამხრეთ კორეასა და იაპონიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებს, ასევე სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციას სეულში, თუ აშშ აგრესიას გამოამჟღავნებს. ამის შესახებ განცხადებას უცხოური მედიასაშუალებები კორეის სახალხო არმიის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ჩრდილოეთ კორეა 15 აპრილს ქვეყნის დამფუძნებლის 105 წლის იუბილეს სამხედრო აღლუმით აღნიშნავს, სადაც ტანკებსა და სხვა საბრძოლო ტექნიკას გამოიყვანენ.
როგორც BBC წერს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინიმ, შესაძლოა, კიდევ ერთი ბირთვული ბომბის გამოცდის ბრძანება გასცეს.
ქვეყანამ ბირთვული ბომბი ხუთჯერ გამოსცადა. ექსპერტები და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ კორეა მუშაობს ისეთი საბრძოლო ბირთვული იარაღის შექმნაზე, რომელიც აშშ-მდე მიაღწევს.
ფხენიანის მუქარამდე, პენტაგონის გადაწყვეტილებით, კორეის ნახევარკუნძულისკენ ამერიკული ავიამზიდები გაემართნენ.
ბოლო პერიოდში, ფხენიანში კეთდება განცხადებები, რომ ჩრდილოეთ კორეა ნებისმიერი ომისთვის მზად არის. უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს იღებს ჩინეთიც.
პეკინმა ჩრდილოეთ კორეის საზღვრებთან 150 ათასი სამხედრო მოსამსახურე და მძიმე ჯავშანტექნიკა გადაისროლა.
CNN ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებაზე
ჩრდილოეთ კორეის მუქარის შემდეგ, CNN ქვეყნის შეიარაღებით დაინტერესდა და მის ხელთ არსებული ინფორმაცია გამოაქვეყნა.
როგორც CNN წერს, ჩრდილოეთ კორეაში პირველი სამხედრო აღლუმი, რომელიც დიქტატორმა კიმ ჩენ ინიმ ჩაატარა, ექსპერტებმა შეაფასეს, როგორც „ძაღლებისა და ჯუჯა ცხენების შოუ“.
მედიასაშუალების ცნობით, ამ აღლუმიდან ხუთი წლის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეა კიდევ ერთი მსგავსი აღლუმისთვის ემზადება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ჩვენება ბევრად უფრო სერიოზული იქნება.
სამხედრო ტექნიკის ახლო ხედით ნახვისა და დეტალური ინფორმაციის მიღების საშუალება მთელს მსოფლიოს მიეცემა.
რა სამხედრო ძალას ფლობს ჩრდილოეთ კორეა
სამხედრო ექსპერტი მარკუს შილერი CNN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ სამხედრო აღლუმებზე, როგორც წესი, შეიარაღების მოდელებს აჩვენებენ, ვინაიდან რეალური რაკეტებისა და სხვა სახის იარაღის ჩვენება საფრთხისშემცველია.
„მსოფლიოს არცერთ ქვეყანას, რომელიც რაკეტებს აწარმოებს, საჩვენებლად არ გამოაქვს რეალური რაკეტები, ვინაიდან ეს ძალიან სახიფათოა. რამე რომ მოხდეს და აფეთქდეს, ეს მათს „ძვირფას ლიდერს“ ზიანს მიაყენებს. ამიტომ ის მოდელები გამოაქვს, რომელთა მიხედვითაც რაკეტებს აწყობს“, – აცხადებს შილერი.
შეიარაღება
1. სამხედრო მოსამსახურეები 2. სახმელეთო ძალები
არმია – 1,020,000 არტილერია – 21,100
საჰაერო ძალები – 110,000 საბრძოლო ტანკები – 3,500
საზღვაო ძალები – 60,000 საბრძოლო ავიაცია – 545
3. სარაკეტო ძალები 4. საფლოტო ძალები
ინტერკონტინენტური – 6 სამხედრო გემი – 2
საშუალო დიაპაზონის – 10 ტაქტიკური წყალქვეშა ნავი – 73
მოკლე დიაპაზონის – 54
ბირთვული იარაღის გამოცდა
CNN წერს, რომ ჩრდილოეთ კორეის ამჟამინდელი ლიდერის მმართველობის პერიოდში, ქვეყნის ბირთვული პროგრამა მნიშვნელოვნად განვითარდა.
კიმ ჩენ ინის მმართველობის პერიოდში, 2011 წლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული იარაღი სამჯერ გამოსცადეს – 2013 წლის თებერვალში, 2016 წლის იანვარში, 2016 წლის სექტემბერში.
მანამდე ბირთვული იარაღი ქვეყანამ ორჯერ გამოსცადა.
ბალისტიკური რაკეტები
KN-08 (aka Hwasong-13)
ინტერკონტინენტური ბალისტიკური რაკეტა. სიგრძე – 19.08-19.39 მეტრი, დიამეტრი – 1.8-2.0 მეტრი, დატვირთვა – 300-700 კგ. დიაპაზონი – 11,500 კმ.
KN-14 (aka Hwasong-14)
ინტერკონტინენტური ბალისტიკური რაკეტა. სიგრძე – 16.9-17.4 მეტრი, დიამეტრი – 1.8-2.0 მეტრი, დატვირთვა – 300-700 კგ. დიაპაზონი – 10,000 კმ.
სამხედრო ექსპერტმა შილერმა CNN-თან ინტერვიუში ჩრდილოეთ კორეის პროგრამა ირანისას შეადარა და განაცხადა, რომ ირანს ბევრად უფრო სტრატეგიული, დაცვითი და ჭკვიანური პროგრამა აქვს. შილერის თქმით, ჩრდილოეთ კორეისგან განსხვავებით, ირანი წინასწარ ადგენს სამხედრო პოლიტიკას და შემდეგ იწყებს რაკეტების შექმნას, რომელიც წინასწარშედგენილ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.
შილერის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის რაკეტები საბჭოთა და ჩინური მოდელების მიხედვით არის აგებული.