ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერა იგეგმება
ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები ბიუროს სხდომას წარედგინება.
ცვლილებებით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის პირველ იანვრამდე განხორციელდება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ, დღეის მდგომარეობით, 145 842 ფიზიკურ პირს ერიცხება საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის პირველ იანვრამდე. აღნიშნული საგადასახადო დავალიანება ჯამურად, დაახლოებით, 591 458 571 ლარს შეადგენს – მათ შორისაა, გადასახადი -225 746 111 ლარი; ჯარიმა – 138 611 457 ლარი და საურავი – 227 101 003 ლარი.
„ფიზიკური პირები, რომლებსაც საგადასახადო დავალიანება ერიცხებათ, მათ მიმართ მიმდინარე საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამო, პრაქტიკულად, ვეღარ საქმიანობენ. წლების განმავლობაში დაგროვებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერით მათ შესაძლებლობა ეძლევათ, ხელახლა, საგადასახადო ვალდებულების გარეშე განაახლონ საქმიანობა“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
რაც შეეხება ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობისთვის მომზადებულ საგადასახადო ინიციატივას, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.
„საქართველოში ინვესტიციის დაბანდება ხშირად შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორში) რეგისტრირებული უცხოური საწარმოების მიერ ხორციელდება, რომლებიც საქართველოში შვილობილი საწარმოების მეშვეობით საქმიანობენ, რაც მოიცავს გადასახადისგან თავის არიდების რისკს და ეფექტურ საგადასახადო ადმინისტრირებას უშლის ხელს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადისგან თავის არიდების პრევენციის, საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის და გადასახადის ადმინისტრირების გამარტივებისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შეეწყოს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესს“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.