ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე სესხი მხოლოდ ლარით უნდა გაიცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმები იქნება გათვალისწინებული
პარლამენტი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობას იწყებს, რომლის გათვალისწინებით, ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე სესხი მხოლოდ ლარით უნდა გაიცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმები იქნება გათვალისწინებული.
დეპუტატები აღნიშნულ პროექტზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 7 ნოემბრის სხდომაზე იმსჯელებენ.
ცვლილებების მიხედვით, სესხის ლარში გაცემის მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ხოლო გაფრთხილების შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში სამართალდარღვევის გამოუსწორებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
კანონპროექტის თანახმად, გათვალისწინებული სამართალდარღვევის საპასუხოდ გასატარებელი ღონისძიებების ადმინისტრირებას შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს.