ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება
ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. საუბარია ახალ მოთხოვნებზე კომერციულ ბანკებისთვის.
რაც შეეხება სესხის გამცემ სხვა სუბიექტებს, მათთვის რეგულაციები 2019 წლის პირველი იანვრიდან იქნება სავალდებულო.
“ფინანსურმა ინსტიტუტებმა სესხები კლიენტის გადახდისუნარიანობის შესწავლის საფუძველზე უნდა გასცენ. გარდა ამისა, სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტები არ უნდა აჭარბებდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ნორმებს. აღნიშნული ნორმები განსხვავებული იქნება ადგილობრივი და უცხოური ვალუტის სესხებისთვის, რისი მიზანიც, თავის მხრივ, ფინანსური სისტემის მაღალი დოლარიზაციით გამოწვეული სისტემური რისკების შემცირებაა”, – აღნიშნა გვენეტაძემ.
პროექტის შესახებ, რომლის მიხედვითაც სესხის გამცემ ორგანიზაციებს ახალი რეგულაციები უწესდებათ, მიმდინარე წლის მაისში გახდა ცნობილი. რეგულაციები გავრცელდება ნებისმიერ მეწარმე სუბიექტზე, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება.
პროექტის მიხედვით, დაუშვებელია, რომ სესხის გამცემმა ორგანიზაციამ სესხი მსესხებლის/თანამსესხებლის გადამხდელუნარიანობისსრულფასოვანი ანალიზის გარეშე გასცეს. გადამხდელუნარიანობის ანალიზი გულისხმობს მსესხებლის/თანამსესხებლის შემოსავლების, ხარჯებისა და ვალდებულებების დეტალურ ანალიზს. მსესხებლის/თანამსესხებლისგადამხდელუნარიანობის შეფასებისას უნდა გაანალიზდეს ყველა ის დამატებითი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს მათი ვალდებულებების მომსახურებაზე. სესხის გამცემმა ორგანიზაციამ მის ხელთ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით მაქსიმალურად ობიექტურად უნდა შეაფასოს იმ პირთა წრე, ვისთან ერთადაც მსესხებელი/თანამსესხებელი იზიარებს შემოსავლებს და ვალდებულებებს.
კანონპროექტში ჩამოთვლილია ის დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელი იქნება გადახდისუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზისთვის – სახელფასო ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, ცნობა შემოსავლების სამსახურიდან და სხვა მსგავსი სანდოობის მქონე დოკუმენტაცია.
ამასთანავე, დაუშვებელია ისეთი სესხის/კრედიტის გაცემა, როდესაც მსესხებელი/თანამსესხებელიიხდის მხოლოდ დარიცხულ პროცენტს, ხოლო ძირს ან ძირის მნიშვნელოვან ნაწილს – ვადის ბოლოს. ძირის გადახდა სასურველია ხდებოდეს მსესხებლის/თანამსესხებლის შემოსავლებზე მორგებული გონივრულად შედგენილი გრაფიკის მიხედვით. შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც საშეღავათო პერიოდი არ აღემატება ექვს თვეს იპოთეკური სესხის შემთხვევაში, ხოლო სამ თვეს სხვა ტიპის კრედიტების შემთხვევაში, სესხის მოქმედების განმავლობაში.
თუკი სესხის/კრედიტის დაფარვის ვადა აჭარბებს მსესხებლის/თანამსესხებლის პენსიაზე გასვლის პერიოდს, სესხის გამცემმა ორგანიზაციამ დამატებით დოკუმენტურად უნდა დაადასტუროს ის შემოსავლები, რითიც მოხდება საპენსიო ასაკის მიღწევის შემდგომ მსესხებლის/თანამსესხებლის მიერ სესხის მომსახურება. სახელმწიფო პენსიიდან მისაღები შემოსავალი არ შეიძლება გათვალისწინებული იქნას სესხის/კრედიტის დაფარვის წყაროდ.