ფიქრია ჩიხრაძე - ყველა ოპოზიციური პარტია სამართლებრივად გავივლით, როგორ უნდა გახდეს სია არააქტიური და არ განხორციელდეს სხვადასხვა მანიპულაცია
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლის საკითხს არ განიხილავენ, რადგან არ ჩანს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ცესკო-ს მიერ ყველა საჩივარი იქნება გადახედილი.
აღნიშნული კომენტარით ფიქრია ჩიხრაძემ უპასუხა კითხვას, „ცესკო-ს მიერ ყველა შესული საჩივარი თუ იქნება გადახედილი, შევლენ თუ არა პარლამენტში“.
„ვნახოთ, რა იქნება, მაგრამ ამ წუთში ამის არანაირი ნიშანწყალი არ ჩანს ამის, შესაბამისად, არც განვიხილავთ ამას. არის შესული საჩივრები, საჩივრებს თავისი ვადა აქვთ. როგორც ირაკლი კუპრაძე ამბობდა, ბათუმში საერთოდ არც კი დაუწყიათ განხილვა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ აპირებენ საერთოდ არაფრის განხილვას. რეალობა ასეთია, თავად მოიკითხეთ რატომ არ განიხილება ეს საჩივრები საოლქოებში, რომლებშიც არის შესული, თქვან, რა პასუხი აქვთ, გამოვიდნენ და თქვან სახალხოდ. მე მოვისმინე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ არ შეიძლება ამდენი საჩივრის განხილვა, ამის არც დრო არის და არც საშუალება“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ამასთან, რაც შეეხება კითხვას: „თუ მანდატებზე უარი თქვით და არ შეხვედით პარლამენტში, მიიღებთ თუ არა ბიუჯეტიდან დაფინანსებას“, ფიქრია ჩიხრაძე პასუხობს, რომ ოპოზიცია ერთად აცნობებს საზოგადოებას გადაწყვეტილებას, სია როგორ უნდა გახდეს არააქტიური და სხვადასხვა მანიპულაცია არ განხორციელდეს.
„ამ ყველაფერს სამართლებრივად გავივლით ერთად ყველა ოპოზიციური პარტია, სია როგორ უნდა გახდეს არააქტიური, როგორ უნდა მოხდეს ისე, რომ სხვადასხვა მანიპულაცია არ განხორციელდეს და ჩვენს გადაწყვეტილებებს ერთად ვაცნობთ საზოგადოებას. ისე, ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ყველა პარტიას, სამოქალაქო საზოგადოებას და მოსახლეობას შეეგროვებინა ფული „ქართული ოცნებისთვის“ და ირაკლი კობახიძის პირად ანგარიშზე გადაგვერიცხა “, – აღნიშნა ჩიხრაძემ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კარგი იქნება კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვითაც, თუ პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, მას უარი ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე.