ფიქრია ჩიხრაძე - ყველა, ვინც სისტემური დანაშაულის აღსრულების ღერძს წარმოადგენს, სისტემას უნდა ჩამოშორდეს
საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ჩადენილ დანაშაულთა მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება არა რეალური მართლმსაჯულება, არამედ სამწუხაროდ მართლმსაჯულების იმიტაცია იყო, – ამის შესახებ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა, ფიქრია ჩიხრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, სისტემური დანაშაული მრავალპლანანია და მას შესაბამისი სისტემური აღმსრულებლები ჰყავდა.
“იმისთვის, რომ სისტემურ დანაშაულთა წინააღმდეგ აღსრულდეს რეალური მართლმსაჯულება და შეიქმნას ნამდვილად ეფექტური მექანიზმები და არა კიდევ ერთხელ მოხდეს საზოგადოებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ჩვენ ვითხოვთ შემდეგს – სისტემური დანაშაული მრავალპლანიანია და მას ჰყავდა შესაბამისი სისტემური აღმსრულებლები. იმისთვის, რომ სისტემური დანაშაული მართლაც არასდროს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში, რომელზეც მიუთითებდა სტრასბურგის სასამართლო და რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა იცის, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც ამ სისტემური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ვიყავით ჩართულები. აუცილებელია ყველა იმ რგოლში, შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, ვინც ამ სისტემურ ბრძოლაში იყო ჩართული. ესენი არიან ის პროკურორები, რომლებიც წარმოადგენდნენ მთავარ ღერძს სისტემური დანაშაულის აღსრულებისას, ისინი უნდა ჩამოშორდნენ შესაბამისი სისტემისგან, ის სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული იყვნენ უკანონო ქმედებებში და რომლებიც ახორციელებდნენ ძალადობას ადამიანებზე, უნდა ჩამოშორდნენ შესაბამისი სამსახურებიდან, ცალკეულ შემთხვევებში, თუკი ასეთი დანაშაული განსაკუთრებით მძიმე იყო, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და უნდა ვიხილოთ ამ ნაწილში აღსრულებული მართლმსაჯულება. ის მოსამართლეები, ვინც ამ დანაშუალებრივ ჯაჭვს ბეჭედს ასვამდნენ სამართლიანობის სახელით და დღესაც სასამართლო სისტემაში არიან, უნდა ჩამოშორდნენ სისტემას”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მისივე თქმით, სისტემა ვერ გაჯანსაღდება, თუკი თანამდებობის პირებმა არ იგრძნეს პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც მათ მიერ სისტემური დანაშაულის აღსრულების საქმეში ხდებოდა.
“ადამიანები, პატიმრები, რომლებიც სისტემური დანაშაულის პირობებში იყვნენ უკანონოდ დასჯილნი, რომელთა მიმართ პატიმრობის პირობებში განხორციელდა რაიმე ტიპის ძალადობა გამოძიებულ იქნას მათი საქმეები თავიდან და მართლმსაჯულების სახელით ამ მხრივაც ადექვატური პასუხი გაეცათ”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.