ფიქრია ჩიხრაძე პროკურატურისაგან პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე პროკურატურისაგან პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს და აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძე უნდა გამოცხადდეს პროკურატურაში და სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია, რასაც იგი პრეზიდენტთან დაკავშირებით შეწყალებების შესახებ კორუფციულ ბრალდებებზე ფლობს.
„იმდენად მძიმე განცხადებები მოვისმინეთ პარლამენტის ტრიბუნიდან პარლამენტის თავმჯდომარისაგან პრეზიდენტის მისამართით, რომ ლოგიკურია, ამას მოჰყვეს შესაბამისი პროცედურები – დაიწყოს საქმის წარმოება და საზოგადოებას გაეცეს პასუხი.
როცა საუბარია კორუფციაში ბრალდებაზე და პრეზიდენტის მიერ სამართალდამცავი სტრუქტურების მიზანმიმართულ ნგრევაზე – ამის შესახებ უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები და საერთაშორისო და ქართულ საზოგადოებას გავცეთ პასუხი, გვაქვს თუ არა ასეთ რამესთან საქმე“, – განაცხადა ჩიხრაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული განცხადებები ძალიან დიდი ხიფათის შემცველია და თუ მსგავსი რამ რეალობაში ხდება, ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს ქართულ სახელმწიფოს და მის იმიჯს.
„ამიტომ დაუყოვნებლივ, ბატონი თავმჯდომარე უნდა მივიდეს პროკურატურაში და რა ინფორმაციას ფლობს ამის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენოს შესაბამისი ორგანოები და მათ დაიწყონ სათანადო პროცესი საქმის გასარკვევად“, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.
შეწყალების საკითხზე განცხადება საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბოროტად არის გამოყენებული. პარლამენტის თავმჯდომარემ შეწყალების მხრივ, სხვა ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ასმაგი სხვაობა აქვს. „პრეზიდენტის ამ პრაქტიკას შეიძლება ჰქონდეს სამიდან ერთ-ერთი საფუძველი. პირველი, თეორიული ვარიანტი – უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ეს არის ყველაზე რბილი ვერსია; მეორე, ეს არის კორუფცია – თეორიულად ამასაც ვერ გამოვრიცხავთ; მესამე, ეს არის სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა“, – განაცხადა კობახიძემ.