ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ დაბრუნების შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადება წინასაარჩევნო ტრიუკია
ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ დაბრუნების შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადება წინასაარჩევნო ტრიუკია

ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო ტრიუკი მიხეილ საკაშვილის მხრიდან. „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი არჩევნების წინ ამ პიარსვლას იყენებენ, – ასე ეხმაურება „ლელოს“ წევრი, ფიქრია ჩიხრაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

ამასთან, როგორც ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, „ლელოს“ ამოცანაა, მოახერხოს ამომრჩევლის მობილიზება იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ახალ პოლიტიკურ ძალას, ახალ ხედვასა და გამოცდილებას დაუჭირონ მხარი.

„ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო ტრიუკი მიხეილ საკაშვილის მხრიდან. „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი არჩევნების წინ ამ პიარსვლას იყენებენ. ეს არის ერთი კერძო, კონკრეტული პიარსვლა და ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს თავისი სვლა. ჩვენს პოლიტიკურ ძალას გვაქვს ჩვენი ხედვა, ჩვენი გზა, ამოცანა და პიარსვლები და არ ვთვლით, რომ ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის პიარსვლები და გზა რამენაირად იკვეთება ერთმანეთთან. რამდენი არჩევნებიც არ უნდა გადავთვალოთ, ყოველთვის არჩევნების წინა პერიოდში გვინახავს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან კონკრეტული მოწოდებები და მიმართვები, მაგრამ ჩვეულებრივად ჩაუვლია არჩევნებს.

მიუხედავად იმისა, მიხეილ სააკაშვილი მიმართვას გაავრცელებს თუ ბიძინა ივანიშვილი საერთოდ დაიმალება და ხალხს, როგორც მზეთუნახავი, აღარ ეჩვენება, როგორი ვითარებაც არ უნდა შეიქმნას, „ლელოს“ ამოცანა არის, 2020 წლის არჩევნებზე ეს დაჭაობებული, დახავსებული, ძალიან მძიმე და უიმედო ვითარება დავასრულოთ. „ქართული ოცნება“ მშვიდობიანად გავუშვათ ხელისუფლებიდან და მოვახერხოთ ამომრჩევლის მობილიზება იმისთვის, რომ ახალ პოლიტიკურ ძალებს, ახალ ხედვას და ახალ გამოცდილებას შემოსულს პოლიტიკაში, დაუჭიროს აქტიურად მხარი. დიდი იმედი გვაქვს, „ლელო“ არჩევნებზე ძალიან სერიოზულ შედეგს აჩვენებს. თუ ხელისუფლება შეიცვალა და სააკაშვილს მისცა გარანტიები, არ მოუწევს პასუხისგება. სხვა შემთხვევაში, წინასაარჩევნო პერიოდში არ განვიხილავ საერთოდ ამას“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას ბოდიშს უხდის მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო. ამასთან, აღნიშნავს, რომ მას საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა დაფიქრებისთვის და ახლა იცის, უკეთესად როგორ ემსახუროს საქართველოს. განცხადებას სააკაშვილი შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „მე დავბრუნდები“.