ფიქრია ჩიხრაძე - ხელისუფლებამ უნდა გამოთქვას თავისი პოზიცია კრიზისის განმუხტვის გზებზე, ბურთი მათ მოედანზეა
„ლელოს“ წევრი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ ახლა ბურთი ხელისუფლების მოედანზე, რომელმაც ქვეყანა არსებული კრიზისული სიტუაციიდან უნდა გამოიყვანოს.
„ლელოს“ ისევე, როგორც ოპოზიციის უდიდეს ნაწილს უახლოეს ხანებში ორიენტაცია აქვს მოლაპარაკების მეხუთე რაუნდზე. ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ გავუზიარეთ საერთაშორისო პარტნიორებს, ფასილიტატორებს და ბუნებრივია, უკვე ხელისუფლებამ უნდა გამოთქვას თავისი პოზიცია, ზოგადად მოლაპარაკებებზე და კრიზისის განმუხტვის გზებზე. ბურთი მათ მოედანზეა და ველოდებით ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ჩიხრაძემ.
ფიქრია ჩიხრაძის თქმით, „ლელოს“ წევრები უახლოეს პერიოდში აპირებენ, მანდატის დატოვების შესახებ განცხადებების დაწერას.
„სიების ჩახსნის თაობაზე განცხადებები შესულია. ცესკო-მ უკვე მიიღო გადაწყეტილება და უახლოეს ხანებში, „ლელოც“ და ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილი აპირებს, ასევე დაწერონ განცხადებები მანდატის დატოვების თაობაზე. ამ პროცედურას სჭირდება ვადა და ეს ვადა სრულიად საკმარისია, რომ გავიგოთ, ხელისუფლებას აქვს თუ არა განზრახვა მოლაპარაკებებში რამე პოზიტივის გაჩენისა და საერთოდ, აქვს თუ არა განცდა, რომ ქვეყანა უზომოდ დიდ კრიზისშია. ამ კრიზისულ ფაზას აუცილებლად სჭირდება გადაწყვეტა და გადაწყვეტის ერთადერთი უალტერნატივო გზა გახლავთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა“, – განაცხადა ჩიხრაძემ.