ფინური ენერგოკომპანიის ინფორმაციით, რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი ფინეთს ხვალ შეუწყდება
ფინური ენერგოკომპანიის ინფორმაციით, რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი ფინეთს ხვალ შეუწყდება

ფინური ენერგოკომპანია Gasum-ის განცხადებით, რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი შაბათს, 21 მაისს, ფინური დროით 07:00 სთ-ზე შეწყდება. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„პარასკევს, 20 მაისს, Gazprom Export-მა Gasum-ს აცნობა, რომ ფინეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდება 2022 წლის 21 მაისს, შაბათს, 07:00 საათზე. ხვალიდან, ზაფხულის სეზონისთვის, Gasum-ი თავის აბონენტებს ბუნებრივ გაზს სხვა წყაროებიდან Balticconnector-ის მილსადენით მიაწოდებს. Gasum-ის გაზგასამართი სადგურების ტერიტორიაზე მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება “, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ფინური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მიკა ვილიანენის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება ახლა ჩერდება, მაგრამ ისინი ყურადღებით ემზადებოდნენ ამ სიტუაციისთვის და შეძლებენ მომდევნო თვეებში მიაწოდონ საკუთარ მომხმარებლებს გაზი.

ფინეთის მიერ მოხმარებული გაზის უმეტესი ნაწილის იმპორტი რუსეთიდან ხდება, მაგრამ ბუნებრივი აირი ამ ქვეყნის წლიური ენერგიის მოხმარების მხოლოდ 5%-ს შეადგენს.