ფინეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. როგორც „ფრანს პრესი“ იუწყება, ბოლო გამოკითხვები ცხადყოფს, რომ პრემიერ-მინისტრ სანა მარინის მთავრობამ, შესაძლოა, პოზიციების ვერ შეინარჩუნოს.
სოციოლოგიური კვლევები მიუთითებს, რომ არჩევნების შედეგად ფინეთის ხელისუფლებაში, შესაძლოა, მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ძალები მივიდნენ.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ფინეთის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია მესამე ადგილზეა და მას მხარს ამომრჩევლების 18,7 პროცენტი უჭერს, მეორე ადგილზეა ნაციონალისტური ევროსკეპტიკური პარტია „ნამდვილი ფინელები“ – 19,5 პროცენტით, ხოლო პირველზეა მემარჯვენე-ცენტრისტული ოპოზიციური კოალიცია – 19,8 პროცენტით.
აღსანიშნავია, რომ ნაციონალისტი ევროსკეპტიკოსების პარტიის, „ნამდვილი ფინელების“ ლიდერი გამარჯვების შემთხვევაში საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას აპირებს და ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში ფინეთის ევროკავშირიდან გაყვანის საკითხსაც განიხილავს.
საარჩევნო უბნები ფინეთში უკვე გახსნილია და ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც გამოქვეყნდება არჩევნების წანასწარი შედეგები.
ამასთან, როგორც ცნობილია, ფინელების 40 პროცენტმა ხმის წინასწარ მიცემის უფლებით ისარგებლა.