ფინეთში სამი ჟურნალისტი დაზვერვის შესახებ სტატიის გამო სასამართლოს წინაშე წარდგა
ფინეთში სამი ჟურნალისტი დაზვერვის შესახებ სტატიის გამო სასამართლოს წინაშე წარდგა

ფინეთში სამი ჟურნალისტი დაზვერვის შესახებ სტატიის გამო სასამართლოს წინაშე წარდგა. როგორც ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, საუბარია ცნობილი ფინური გამოცემა Helsingin Sanomat-ის ჟურნალისტებზე, რომლებსაც საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებას ედავებიან.

სტატია 2017 წელს გამოქვეყნდა. მასში გამხელილი იყო ფინეთის თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფების ადგილმდებარეობა და მათი ამოცანები.

პროკურატურა ჟურნალისტებისთვის პირობით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. თავად კორესპონდენტები დანაშაულს უარყოფენ.

პარალელურად გრძელდება გამოძიება, თუ როგორ აღმოჩნდა საიდუმლო დოკუმენტები ჟურნალისტების ხელში. გამოძიება სავარაუდოდ წლის ბოლომდე დასრულდება.

როგორც „როიტერი“ წერს, ფინეთისთვის ჟურნალისტების გასამართლება უჩვეულოა, რადგან ის წლების განმავლობაში იყო პრესის თავისუფლების რეიტინგების მსოფლიო ლიდერი ქვეყანა. წელს ფინეთი, აღნიშნული სასამართლო პროცესის გამო, ამ რეიტინგში მეხუთე ადგილზე ჩამოქვეითდა.