ფინეთში რუსი ბიზნესმენის ქონებას, რომელსაც ეკონომიკურ დანაშაულში სდებენ ბრალს, ყადაღა დაადეს
ფინეთში რუსი ბიზნესმენის, პავლე მელნიკოვის ქონებას ყადაღა დაადეს. რუს ბიზნესმენზე ეჭვობენ, რომ ე.წ. მწვანე კაცუნების დასახმარებლად პირობებს ქმნიდა. „მწვანე კაცუნებს“ იმ რუს ჯარისკაცებს უწოდებენ, რომელთაც სამხედრო ფორმებზე საიდენტიფიკაციო ნიშნები არ გააჩნიათ.
ფინური გამოცემა „ილეს“ ინფორმაციით, კომპანია „აირისტონ ჰელმის“ მეპატრონის ქონების ღირებულება, რომელზეც ყადაღა გავრცელდა, 2.5 მილიონ ევროს შეადგენს. რუს ბიზნესმენს ოფიციალურად ეკონომიკურ დანაშაულში სდებენ ბრალს, თუმცა საქმეში შესაძლოა, იმალებოდეს რეალური საფუძველი.
კომპანია „აირისტონ ჰელმს“ ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა, რომელიც შესაძლოა, რუსი ე.წ. მწვანე კაცუნების პოტენციური შეჭრის შემთხვევაში იქნას გამოყენებული. პავლე მელნიკოვის კომპანიაზე ასევე არის რუსეთიდან და ესტონეთიდან ფულის გათეთრების ეჭვებიც.
ცნობილი ხდება, რომ 2018 წლის 21-22 სექტემბერს, კომპანიის მფლობელობაში არსებულ ქალაქ ტურკუს მახლობელ კუნძულების არქიპელაგზე, ასევე სასტუმრო და ტურიზმის სფეროებში არსებულ 17-ბიზნეს ობიექტზე პოლიციის მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა. ოპერაციაში სანაპირო დაცვის და უსაფრთხოების სამსახურებიც მონაწილეობდნენ. დაუსახლებელ კუნძულ საკილუტოზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, არაერთი სათვალთვალო კამერა, ვერტმფრენის მოედანი, ცხრა ნავმისადგომი, ასევე სამი მილიონი ევრო ნაღდი ფულით და 200 ტერაბაიტი ინფორმაციის შემნახველი მოწყობილობა აღმოაჩინეს.
ფინეთში აცხადებენ, რომ „ჰიბრიდული ომის“ პირობებში რუსეთს შეუძლია, მსგავსი ინფრასტრუქტურა „მწვანე კაცუნების“ მოქმედებისთვის გამოიყენოს, რომლის მსგავსი სცენარი 2014 წელს ყირიმში განხორციელდა.
ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიებზე რუსების მიერ უძრავი ქონების შეძენა დიდი ხანია წუხილს იწვევს.