ფინეთმა კანონი მიიღო, რომელიც რუსეთიდან არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ არის მიმართული
ფინეთმა მიგრაციის შესახებ ახალი კანონი მიიღო, რომელიც რუსეთიდან არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ არის მიმართული.
„ინსტრუმენტალიზებული მიგრაციის დასამარცხებლად დროებითი ზომების შესახებ აქტს“ 167-მა დეპუტატმა 31-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, უფლებადამცველი ჯგუფები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი ადამიანის უფლებებს არღვევს.
ახალი რეგულაციებით, ფინელ მესაზღვრეს უფლებამოსილება ექნება, გარკვეულ შემთხვევებში უკან გააბრუნოს თავშესაფრის მაძიებელი, რომელთა დიდი ნაწილიც სომალელი და სირიული წარმოშობის არიან და ფინეთის საზღვართან რუსეთის გავლით ხვდებიან.
ფინეთში მიაჩნიათ, რომ ნატო-ში გაწევრიანების გამო, ამ ფორმით, რუსეთი ჰიბრიდული თავდასხმების ფარგლებში ცდილობს „მიგრაციის იარაღად ქცევას“ და მიგრანტთა დიდი ნაკადიც სწორედ მათი ხელშეწყობით შეედინება.
ფინეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერი ორპოს თქმით, ეს კანონი არის „ძლიერი გზავნილი რუსეთისა და მოკავშირეებისთვის, რომ ფინეთი იზრუნებს როგორც საკუთარ, ისე ევროკავშირის საზღვრის უსაფრთხოებაზე“.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ზომები ძალაში უახლოეს დღეებში, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა და ერთი წლის განმავლობაში იქნება მოქმედი. ახალი კანონი მხოლოდ ბავშვებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მისცემს უფლებას, მოითხოვონ თავშესაფარი და მიიღონ დაცვა.