ფინეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ ჰელსინკი ნატო-ში გაწევრიანებას მომდევნო დღეებში შეეცდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, საული ნიინისტოს და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ფინეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან საუბარში თქვა, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის მასშტაბურმა შეჭრამ უკრაინაში ფინეთის უსაფრთხოების გარემო შეცვალა.
საული ნიინისტომ ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ ყოველი დამოუკიდებელი ქვეყანა თავის უსაფრთხოებას აძლიერებს, ნატო-ში გაწევრიანებით კი ფინეთი აძლიერებს საკუთარ უსაფრთხოებას და იღებს თავის პასუხისმგებლობას.
პრეზიდენტების საუბარზე განცხადებას ავრცელებს კრემლიც. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ნიინისტოსა და პუტინს ჰქონდათ „აზრების გულწრფელი გაცვლა“, რომლის დროსაც პუტინმა აღნიშნა, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტის ტრადიციული პოლიტიკის მიტოვება შეცდომა იქნებოდა, რადგან მისი თქმით, ფინეთის უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება.