ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი მოქალაქეებისთვის ყველაზე ღირებულ ბრენდებს შორის მესამე ადგილზეა
ფინეთში საზოგადოებივი მაუწყებლის „ილეს“ (Yle) მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა და ნდობა გაიზარდა.
ფინეთში ჩატარებული ახალი სოციოლოგიური კვლევის შედეგების თანახმად, მოქალაქეებისთვის ყველაზე ღირებულ ფინურ ბრენდებს შორის ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი მესამე ადგილს იკავებს. გასულ წელთან შედარებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავისი პოზიცია ორი საფეხურით გააუმჯობესა. ამავე დროს, ის რეიტინგში პირველია მოქალაქეებისთვის ღირებულ მედიასაშუალებებს შორის.
„ეს გამორჩეული შედეგი აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია „ილე“ ფინელი ხალხისთვის. კორონავირუსის პანდემიის განსაკუთრებულმა წელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „ილეს“ მნიშვნელობას. ამისთვის მადლობა მის თითოეულ თანამშრომელს ეკუთვნის. ჩვენ გვყავს პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც „ილეს“ მისიისა და ბრენდის ერთგულია და რომელიც ყოველ დღე მუშაობს, რომ ფინეთის მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს მაქსიმალურად საუკეთესო მომსახურება გაუწიოს“, – განაცხადა „ილეს“ კომუნკაციების განყოფილების დირექტორმა, ჯერე ნურმინენმა.
ფინეთში ჩატარებული გამოკითხვა „2020 წლის ღირებული ბრენდები“ 534 ადგილობრივ კომპანიასა და ორგანიზაციას მოიცავდა. კვლევის დროს რესპონდენტებს უნდა გაეცათ პასუხი კითხვაზე, თუ რომელ ფინურ ბრენდს აფასებენ ისინი ყველაზე დადებითად. სიაში პირველი ადგილი ინსტრუმენტების მწარმოებელი კომპანია „ფისკარსმა“ (Fiskars) დაიკავა, ხოლო მეორე ადგილი – საკვები პროდუქტების მწრმოებელმა კომპანია „ფაცერმა“ (Fazer), რომელიც 1891 წელს დაფუძნდა.
მედიასაშუალებებს შორის „ილეს“ შემდეგ გამოკითხულებისთვის ყველაზე ღირებული ჟურნალი „დონალდ დაკი“ (Aku Ankka) აღმოჩნდა, რომელმაც საერთო რეიტინგში 62-ე პოზიცია დაიკავა.
ფინეთში გამოკითხვა „ღირებული ბრენდები“ 1997 წლიდან ტარდება.