ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოხარული ვარ, რომ ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის ხელმოწერა მოხდა ყველა მოკავშირის მხრიდან, ველოდებით რატიფიკაციის პროცესის სწრაფად წარმართვას
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პეკა ჰაავისტოს განცხადებით, მოხარულია, რომ ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ალიანსის ყველა მოკავშირემ მოაწერა ხელი.
მისივე თქმით, ელოდება, რომ როგორც ალიანსის მიწვეულმა წევრმა, ფინეთმა მონაწილეობა მიიღოს ალიანსის მუშაობაში.
ამასთან, როგორც პეკა ჰაავისტომ ნატო-ს გენერალურ მდივანთან და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აღნიშნა, ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება ხელს შეუწყობს ალიანსის კოლექტიურ უსაფრთხოებასაც.
„მადრიდის სამიტზე მიღებულ იქნა ისტორიული გადაწყვეტილება, მოეწვიათ შვედეთი და ფინეთი, გახდნენ ალიანსის წევრები. დღეს მოხარული ვარ, რომ გაწევრიანების პროტოკოლის ხელმოწერა მოხდა ყველა მოკავშირის მხრიდან. მოხარული ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგით შვედეთთან ერთად. ველოდებით, რომ მონაწილეობა მივიღოთ ალიანსის მუშაობაში, როგორც მოწვეულმა წევრებმა. რატიფიკაციის პროცესი დაიწყება ნატო-ს ყველა წევრ სახელმწიფოში. ჩვენ ვაფასებთ ალიანსის მხარდაჭერას ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ველოდებით, რომ რატიფიკაციის პროცესი სწრაფად წარიმართება. ფინეთის და შვედეთი გაწევრიანება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ჩვენს უსაფრთხოებას, არამედ ალიანსის კოლექტიურ უსაფრთხოებასაც.
მადრიდის სამიტზე მიღებული სტრატეგიული კონცეფცია განსაზღვრავს ალიანსის მომავალს. ნატო-ს თავდაცვის და შეკავების შემდგომი გაძლიერება გაზრდის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ევროპაში. მოველით, რომ დავიცავთ ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად. ერთად ჩვენ ვართ უფრო ძლიერი, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის და დემოკრატიის, თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით“, – განაცხადა პეკა ჰაავისტომ.