ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დაბადების დღეს გილოცავთ, საქართველო
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დაბადების დღეს გილოცავთ, საქართველო

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტიმო სოინი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ულოცავს.

„ფინეთი გილოცავთ! დაბადების დღეს გილოცავთ, საქართველო!“ – წერს ტიმო სოინი და ვიდეომიმართვას ავრცელებს.

„გამარჯობა საქართველო, ძვირფასო ქართველო მეგობრებო! ფინეთი და საქართველო ერთმანეთისთვის პარტნიორებზე მეტი არიან. ჩვენ ვართ მეგობრები. ვთანამშრომლობთ მრავალ სფეროში, მაგალითად განათლებისა და უსაფრთხოების. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცეა.

საქართველომ დიდი გზა გაიარა რეფორმებისა და ევროკავშირთან მჭიდრო ინტეგრაციის კუთხით. უვიზო რეჟიმი, ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება დიდი მიღწევებია. ასევე ვხედავთ, როგორ იზრდება ტურიზმი. ოთხი ათასზე მეტი ფინელი იმყოფებოდა საქართველოში გასულ წელს. ასევე, გვიხარია თქვენი მასპინძლობა ფინეთში.

ძვირფასო მეგობრებო, ფინეთმა დამოუკიდებლობის 100 წლისთავი გასულ წელს იზეიმა. ახლა თქვენი ჯერია. თქვენ დიდი ერი ხართ და შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი ქვეყნით“, – აცხადებს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ქართულად ამბობს – „ფინეთი გილოცავთ!“.