ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დასავლურ ქვეყნებში უკრაინის მხარდაჭერისგან დაღლილობა სულ უფრო იზრდება
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი აცხადებს, რომ დასავლურ ქვეყნებში უკრაინის მხარდაჭერისგან დაღლილობა სულ უფრო იზრდება. ამის შესახებ გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი“ წერს.
„დაღლილობა რეალურია და ის იზრდება“, – აღნიშნა ფინელმა დიპლომატმა.
მისი განცხადებით, დასავლეთში სულ უფრო მეტად აქვთ კონფლიქტის დარეგულირების რაიმე ფორმის მოძებნის იმედი. მინისტრის თქმით, ზოგიერთმა დასავლელმა მაღალჩინოსანმა დაიწყო ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის გზების განხილვა იმის მიუხედავად, რომ პუტინის ჯარებს ოკუპირებული აქვთ უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედი.
როგორც ვალტონენმა აღნიშნა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ბოლო სესიაზე დომინირებდა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის საკითხი. მისი განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტმა გადაამისამართა ყურადღება და რესურსები.
„ეს ორი კონფლიქტი, რა თქმა უნდა, მჭიდროდაა დაკავშირებული, თუმცა ჩვენთვის, ევროპელებისთვის, მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ თუ უკრაინაში რუსეთის გამარჯვებას დავუშვებთ, მაშინ, არსებითად, ძირს გამოვუთხრით ნდობას ჩვენი შეკავების მიმართ“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„უკრაინისადმი მხარდაჭერა არსებობს, თუმცა რამდენად საკმარისია ის? ეს არის საკითხავი“, – თქვა მან.
ვალტონენი მიიჩნევს, რომ დასავლურმა ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რათა დააზარალონ რუსეთის ეკონომიკა, კერძოდ, ნავთობტანკერების „ჩრდილოვან ფლოტი“.