ფინეთის ხელისუფლება ეჭვობს, რომ ფინეთ-ესტონეთის დამაკავშირებელი გაზსადენის დაზიანება შესაძლოა, საბოტაჟი იყოს
ფინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი გაზსადენისა და წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელის დაზიანება გარე ძალის ზემოქმედებით მოხდა. ამის შესახებ განცხადება ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ გააკეთა.
მისივე თქმით, წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაზიანებას მთავრობა სერიოზულად უდგება და ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება.
საუბარია გაზსადენ „ბალტიკონეკტორზე“, რომელიც ესტონეთისა და ფინეთის ბუნებრივი აირის ქსელს აერთებს, რაც საშუალებას აძლევს ფინეთს, გამოიყენოს ლატვიაში მდებარე გაზის საცავი. ამ გაზსადენზე მომხდარი ავარიის შესახებ ჯერ კიდევ 8 ოქტომბერს გახდა ცნობილი. შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ დაზიანებულია ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი საკომუნიკაციო კაბელიც.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფინეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულები არიან ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნები.
ამავე საკითხზე შედგა ფინეთის პრეზიდენტისა და ნატო-ს გენერალური მდივნის სატელეფონო საუბარიც. იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი მზადაა, დახმარება გაუწიოს ფინეთს მომხდარის გამოძიებაში.
ამასთან, როგორც ფინური მედია წერს, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში ეჭვობენ, რომ ავარიის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო რუსეთის მიერ მოწყობილი დივერსია. ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.