ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი - მოხარული ვარ, რომ ვხედავ საქართველოში მიღწეულ პროგრესს, გატარებული რეფორმები ხელს უწყობს საქართველოს ევროპისკენ სვლას
ევროპის გაფართოება აუცილებელია ევროკავშირის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. მოხარული ვარ, რომ ვხედავ საქართველოში მიღწეულ პროგრესს. გატარებული რეფორმები ხელს უწყობს საქართველოს ევროპისკენ სვლას, – ამის შესახებ ფინეთის რესპუბლიკის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ანდერს ადლერკროიცმა ჰელსინკიში, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ანდერს ადლერკროიცის განცხადებით, ფინეთი აუცილებლად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 12-13 მარტს ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ფინეთის რესპუბლიკაში.
„ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა ფინეთის პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ქვეყნის ევროპულ საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის დიდი კომიტეტის წარმომადგენლებსა და ფინეთის პარლამენტის მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარესთან.
შეხვედრებზე განხილული იქნა საქართველოსა და ფინეთს შორის არსებული ურთიერთობები როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.