Finantial Times - მსოფლიო ბანკს შესაძლოა, ივანკა ტრამპმა უხელმძღვანელოს
მსოფლიო ბანკს შესაძლოა, ივანკა ტრამპმა უხელმძღვანელოს. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Finantial Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე დონალდ ტრამპის შვილთან ერთად, გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილიც განიხილება.
Finantial Times-ის ინფორმაციით, ორგანიზაციამ კანდიდატების განხილვა უკვე დაიწყო. აღნიშნული პროცესის დასრულება მიმდინარე წლის თებერვლამდე იგეგმება. ახალ ხელმძღვანელს აპრილში დაამტკიცებენ.
მსოფლიო ბანკის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ორგანიზაციის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯიმ იონ კიმმა თანამდებობის დატოვება ვადის ამოწურვამდე სამი წლით ადრე გადაწყვიტა. მიზეზად კი, ეკონომიკის კერძო სექტორში მუშაობის სურვილი დაასახელა. ჯიმ იონ კიმი ორგანიზაციას 2012 წლის შემდეგ ხელმძღვანელობს.
მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს და მსოფლიო ბანკის საქმიანობაზეა პასუხისმგებელი. ტრადიციულად, აღნიშნულ პოსტზე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ინიშნება. შტატები ბანკის ყველაზე მსხვილი აქციონერია.
Finantial Times-ის ცნობით, ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შემდეგ ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი.