ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე კომენტარს კვლავ არ აკეთებს
აღნიშნული თემა დღეს განსახილველ საკითხთან კავშირში არ არის, ამას თავი დავანებოთ, – ასე უპასუხა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ვალერიან ხასაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით.
სწორედ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიმართვის საფუძველზე დაიწყო „თიბისი ბანკის“ 2007-2008 წლების ტრანზაქციების შესწავლა, თუმცა უწყების ხელმძღვანელი აღნიშნულ თემაზე კომენტარისგან კვლავ თავს იკავებს და არ სცემს პასუხს კითხვას, რატომ გახდა მისი ინტერესის საგანი ტრანზაქცია, რომელთან დაკავშირებითაც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარედგინათ.
ვალერიან ხასაშვილი დღეს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას ესწრებოდა, სადაც ახალი კანონპროექტის განხილვა შედგა.
„ჩვენი სამსახურის მიერ მომზადებულია ჩვენი პროფილური კანონის ახალი ვერსია, მიმდინარეობს ამ კანონის კომიტეტებში განხილვა. წამყვანია იურიდიული კომიტეტი, სადაც პირველი მოსმენით განიხილება. მნიშვნელოვანი ცვლილებებია – ეს არის რისკზე დაფუძნებული მიდგომის შემოტანა პრაქტიკულად ყველა ანგარიშვალდებული პირის მიერ. ფინანსური დაწესებულებები საკუთარ კლიენტებს ანიჭებენ რისკის გარკვეულ კატეგორიას – დაბალი, საშუალო, მაღალი და ამის მიხედვით შემდეგ მასთან ურთიერთობენ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ხასაშვილმა.