ფინანსური ინსტიტუტები ვალდებულები იქნებიან, სათანადო პროცედურები ანგარიშგების დადგენილი საერთო სტანდარტით აწარმოონ და ანგარიშების შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს მიაწოდონ
საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები ვალდებულები იქნებიან, სათანადო პროცედურები ანგარიშგების დადგენილი საერთო სტანდარტით (CRS) აწარმოონ და ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს მიაწოდონ. შესაბამისი ცვლილებები მთავრობამ მოამზადა, რომელიც პარლამენტს წარუდგინა. მთავრობა განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურს არ აქვს უფლებამოსილება საქართველოში არსებული ფინანსური ინსტიტუტები დაავალდებულოს, რომ უზრუნველყონ მათი მომხმარებლების ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ასევე, ფინანსურ ინსტიტუტებს არ აქვთ ვალდებულება, ანგარიშგების საერთო სტანდარტის (CRS) მიზნებისთვის განახორციელონ სათანადო პროცედურები კლიენტების ფინანსურ ანგარიშებთან დაკავშირებით. მთავრობა აღნიშნავს, რომ ამ ცვლილებებით შესაძლებელი იქნება საერთაშორისო შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულება. რაც შეეხება ცვლილებებს, შემოსავლების სამსახურს უფლება მიეცემა, ფინანსური ინსტიტუტებისგან მიღებული ინფორმაცია გადასცეს უცხო ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს და განახორციელოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების საერთო სტანდარტთან (CRS) დაკავშირებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება და კონტროლი.
ამასთან, კანონპროექტი განსაზღვრავს სანქციის ზომებს, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტს შემოღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრება. კერძოდ, პროექტის მიხედვით, ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით განსაზღვრული ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენის ვადის დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას – 5 000 ლარის ოდენობით ყოველ დაგვიანებულ დღეზე, არაუმეტეს 150 000 ლარის.
ასევე ცვლილებებით, ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ, ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, დამატებითი ინფორმაციის წარდგენის თაობაზე საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული სამართალდარღვევა ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე – 20 000 ლარის ოდენობით.
კანონპროექტით, ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსთვის არასრულად/არასწორად წარდგენა, – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას წარდგენილ ინფორმაციაში გამოტოვებული ან არასრულად/არასწორად წარდგენილი ანგარიშგებას დაქვემდებარებული თითოეული ანგარიშისთვის 20 000 ლარის ოდენობით, არაუმეტეს 150000 ლარის თითოეულ საანგარიშო პერიოდზე. კანონპროექტი ძალაში 2023 წლის 1-ელი იანვრიდან შევა. მთავრობის ცნობით, 2021 წლის მდგომარეობით, საქართველოში ფუნქციონირებს – 14 კომერციული ბანკი; 38 მიკროსაფინანასო ორგანიზაცია; ერთი საკრედიტო კავშირი; 32 საგადახდო მომსახურების პროვაიდერი; 9 საბროკერო კომპანია; 1 აქტივების მმართველი კომპანია; 4 არასახელმწიფო საპენსიო სქემა; 2 საინვესტიციო ფონდი და 18 სადაზღვევო ორგანიზაცია.