ირაკლი კობახიძე - „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაში საკმაოდ დიდი ფული იდება, ეჭვები გვაქვს, თუმცა სჯობს, საზოგადოებას მოგვიანებით დაზუსტებული ინფორმაცია მივაწოდოთ
რეალურად, გამოჩნდა, რომ პროტესტს არ აქვს მყარი საფუძველი იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი რამე არის დასაზუსტებელი, რის გარშემოც არის პროტესტის აგორების მცდელობა. ამ ყველაფერზე ექსპერტული დისკუსია უნდა გაიმართოს, რაც არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნამახვანჰესის“ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, თუ სადმე რამე ნაკლოვანებაა დისკუსიისა და კომუნიკაციის, ეს უნდა შეივსოს.
„ყველამ დაინახა, რომ რადიკალურ ნაბიჯებს არ აქვს მხარდაჭერა, თბილისის პარალიზებაზე იყო გაუგონარი მესიჯი, რომელსაც არ ექნება მხარდაჭერა საზოგადოებაში. ეს იყო არასწორი გზავნილი და ამის გამო საზოგადოებამ გამოხატა შესაბამისი რეაქციები. ვიცით, რომ არის დაფინანსებული, მართული. როცა დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება აქციაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ არის სერიოზული კომერციული და პოლიტიკური ინტერესები ამ ყველაფრის უკან. ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს. როცა ასეთი მნიშვნელოვანი პროცესია, საზოგადოებას სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ფინანსებთან დაკავშირებით. თუ საზოგადოებას ინფორმაციას ისინი არ მიაწვდიან, ჩვენი ვალია, ამის შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ აცხადებს, რომ როცა საპროტესტო აქცია ფინანსდება, ის შეიძლება იყოს ლეგიტიმური, „თუმცა თუ ამის უკან არის რაიმე ნიშნები, მისი შესწავლა შეიძლება“.
„რა ინფორმაციაც გვაქვს, ეჭვების დონეზე შეიძლება ვისაუბროთ, მათ შორის ვის ინტერესებში შეიძლება არ შედიოდეს ის, რომ საქართველო არ იყოს სათანადოდ დამოუკიდებელი ენერგეტიკული თვალსაზრისით. შეიძლება ჩვენი ეჭვები გვქონდეს, თუმცა სჯობს, ეჭვებზე საუბარს საზოგადოებას მოგვიანებით დაზუსტებული ინფორმაცია მივაწოდოთ. აშკარად იკვეთება ფინანსური და პოლიტიკური ინტერესები, ამის გამო იდება საკმაოდ დიდი ფული აქციაში. მინდა, დანანებით ვთქვა, რომ აქციის მთავარი ორგანიზატორის მხრიდან ორჯერ ითქვა ტყუილი. ითქვა, რომ თითქოს დღეში ათასობით ლარს აგროვებენ, რაც შეუძლებელია ასეთი რესურსი იყოს მობილიზებული წვრილმანი შემოწირულობით, ეს მესიჯი შემდეგ დაკორექტირდა. მეორე უხეში შეცდომა იყო 26 მაისზე განცხადება. ეს იყო ორი უხეში შეცდომა, რის გამოც მათ მოუწიათ უკან დახევა და ისინი აღარ გეგმავენ აღარც თბილისის პარალიზებას და 26 მაისს ალტერნატიული აქციის ჩატარებას. საბოლოო ჯამში უკან დაიხიეს, რაც სწორია“, – განაცხადა კობახიძემ.