ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი განახლებულ შენობაში იწყებს მუშაობას
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი განახლებულ შენობაში იწყებს მუშაობას

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი (2-299-299) დღეიდან თანამედროვე შენობაში გააგრძელებს მუშაობას.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, განახლებული ინფრასტრუქტურა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ გახსნეს. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ლევან დგებუაძე.

სამინისტროს ინფორმაციით, დისტანციური მომსახურების მიმართ გადამხდელების გაზრდილმა მოთხოვნებმა აუცილებელი გახადა თანამედროვე დისტანციური სერვისცენტრებისთვის შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობების დანერგვა, რაც გადამხდელს საშუალებას მისცემს, ოპერატიულად მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება მრავალფუნქციური ონლაინსერვისების გამოყენებით.

„საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი სრულად აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. ეს არის თანამედროვე სტანდარტების ცენტრი, როგორც ინფრასტრუქტურით, ისე პროცესების მართვის კუთხით. ამ დროისთვის, ადგილზე მუშაობს 32 კონსულტანტი, თუმცა მომავალში იგეგმება ამ რაოდენობის გაზრდა, რათა მოხდეს ე.წ. ონლაინ ჩათის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაფართოება. სატელეფონო ცენტრში დანერგილია ზარების მართვის უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა და სისტემები. მინდა საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს მივულოცო დღევანდელი დღე“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის, ლევან კაკავას თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, შემოსავლების სამსახურის სატელეფონო ცენტრი 150 ათასზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა.

„შემოსული ზარების განაწილების სისტემის საშუალებით, მომხმარებელი თავად შეარჩევს საბაჟო ან საგადასახადო კონსულტანტს და ოპერატორისგან სწრაფად მიიღებს კვალიფიციურ მომსახურებას. ახალი ტექნოლოგიური პარამეტრების გამოყენებით, ყოველდღიურად 1600-მდე ზარის მიღება იქნება შესაძლებელი. ყველა თანამშრომელს ვულოცავ  უახლესი სტანდარტებით აღჭურვილი შენობის გახსნას და ვუსურვებ წარმატებულ სამსახურებრივ საქმიანობას,“ – განაცხადა კაკავამ.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, ამჟამად, განახლებული ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიებში გაერთიანებული და ინტეგრირებულია ყველა საჭირო საკომუნიკაციო არხი, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს არამარტო სატელეფონო ზარების სერვისებით, არამედ მრავალფუნქციური სისტემებით მომსახურება – ონლაინჩათი, SMS სერვისი, ავტომატური გადარეკვის ფუნქციონალის გამოყენება გადამხდელების წინასწარ შერჩეულ კატეგორიაზე.

„მნიშვნელოვანია ე.წ. „ვირტუალური კონსულტანტის“(IVR) ფუნქციის დამატება, რომლის მეშვეობით მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ინფორმაცია კონსულტანტთან დაკავშირების გარეშე და სხვა.

აღსანიშნავია საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის მუშაობა „კოვიდ-19“-ის პირობებში. ქოლცენტრის სამუშაო გრაფიკის 09:00 საათიდან 20:00 საათამდე და შაბათ-კვირის ჩათვლით გახანგრძლივების პირობებში, 2020 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში მომსახურება გაეწია  71 000-ზე მეტ ზარს, აქედან არასამუშაო საათებში  სატელეფონო ცენტრმა მიიღო  6 980 ზარი. ახალი სისტემის ინსტალაციითქოლცენტრს მოეხსნება აქამდე არსებული ყველა კრიტიკული პრობლემა და შეიძენს დამატებით შესაძლებლობებს, მოემსახუროს მომხმარებელს სწრაფად, მოხერხებულად, ყველა იმ ფუნქციონალით და ხარისხობრივი სტანდარტით, რაც თანამედროვე მაღალი დონის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრებს მოეთხოვებათ. საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) რეკომენდაციის გათვალისწინებით, ქოლცენტრში იმუშავებს კონსულტანტთა მცირე გუნდი, რომელიც პერმანენტულად იზრუნებს პერსონალის ინფორმაციით უზრუნველყოფასა და მომხმარებლებზე ადაპტირებული, კვალიფიციური პასუხების მომზადებაზე“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.