ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„რაც შეეხება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ კადრებს – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებისთვის განმარტავს, რომ გასული ერთი კვირის მანძილზე, სგპ „ყაზბეგის“ გავლით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად (რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით) შემოვიდა სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის კუთვნილი 19 ერთეული KAMAZ-ის მარკის სატვირთო (არასამხედრო) ავტომობილი.

საქართველოსა და საერთაშორისო საბაჟო წესების სრული დაცვით, სატვირთო ავტომობილები გატარდა რეგისტრაციაში და გაშვებულ იქნა დანიშნულების ქვეყნის მიმართულებით.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი მასალის გავრცელებისგან და ინფორმაცია გადაამოწმონ შესაბამის სამსახურებთან“,- აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.