ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამა იწყება
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამა იწყება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამა იწყება. როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამა საუკეთესო შესაძლებლობაა იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურს  პროფესიული საქმიანობა და  კარიერა დაუკავშიროს საგამოძიებო სამსახურს – სამართალდამცავ უწყებას, რომელიც ქვეყანაში საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულს ებრძვის.

სტაჟირების პროგრამა 2018 წელს პირველად იქნება ანაზღაურებადი, რაც დამატებითი სტიმული იქნება დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.

პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ უმაღლესი იურიდიული და ეკონომიკური განათლების მქონე პირებს. სტაჟიორები მიიღებიან ინსპექტორ – გამომძიებლის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში არსებულ ოფისებში.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია და განაცხადების ელექტრონულად შევსება  4 ოქტომბრიდან – 14 ოქტომბრის ჩათვლით შესაძლებელია საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე მითითებულ სპეციალურ ველში – „სტაჟირება საგამოძიებო სამსახურში“.

სტაჟიორების მიღება მოხდება კონკურსის წესით სამ ეტაპად – პროფესიული ტესტირება, ზოგადი უნარები და გასაუბრება.კონკურსის შედეგად შერჩეული სტაჟიორები ექვსთვიან თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსს გაივლიან. კურსის დასრულების შემდეგ, წარმატებული სტაჟიორები საგამოძიებო სამსახურში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე დასაქმდებიან.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პროგრამის ფარგლებში სტაჟიორები სპეციალურად მათთვის შემუშავებული პროგრამის მიხედვით, თეორიულ მეცადინეობას ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, ხოლო პრაქტიკული სწავლების ეტაპს საგამოძიებო სამსახურის თბილისისა და რეგიონულ ოფისებში გაივლიან. ისინი დეტალურად გაეცნობიან ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ კანონმდებლობას და ყველა ძირითად საერთაშორისო „გაიდლაინს“, ასევე საგამოძიებო უწყების საქმიანობის ძირითად ამოცანებს და მუშაობის სპეციფიკაციას. სტაჟირების პროგრამა დაეხმარება მათ მიიღონ შესაბამისი ცოდნა და გამოიმუშაონ ყველა საჭირო პრაქტიკული უნარ – ჩვევა, რაც მომავალში წარმატებულ და ეფექტიან საქმიანობაში დაეხმარებათ.