ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟოზე 11,2 კილოგრამი ოქროს ნაკეთობები ამოიღო [ვიდეო]
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.
გამოძიების ინფორმაციით, რომ სამ შემთხვევაში დანაშაულში მხილებული პირები საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდნენ. ხოლო ერთ შემთხვევაში ბრალდებული, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ვალეს“ გავლით, მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ჯამში 11,2 კგ ოქროს ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 670 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.