ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ლატვიის ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის დელეგაციას უმასპინძლა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ლატვიის ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის დელეგაციას უმასპინძლა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა ლატვიის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო პოლიციის დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლეს, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ოლგა ბოგდანოვა ხელმძღვანელობდა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ლატვიელი კოლეგები დეტალურად გაეცნენ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკას, პრიორიტეტებს, ასევე, ბოლო პერიოდში მიღწეულ შედეგებს.

„ლატვიის ფინანსთა სამინისტროში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციის გათვალისწინებით, სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, აიგარს პრუსაკსსა და დელეგაციის წევრებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურის 20-წლიანი ისტორიის განმავლობაში განხორციელებული ინსტიტუციური ცვლილებებისა და დღეის მდგომარეობით არსებული მანდატის შესახებ.

მხარეებმა განიხილეს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის კონკრეტული მიმართულებები, მათ შორის ანალიტიკური საქმიანობის, ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების, დანაშაულის გამოვლენის, პრევენციის, აღკვეთისა და გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოპოვების ხერხები და მეთოდები.

შეხვედრის დასასრულს ქართველმა და ლატვიელმა კოლეგებმა აღნიშნეს, რომ გადასახადებისთვის თავის არიდების, ფულის გათეთრების, აქციზს დაქვემდებარებული პროდუქციის არალეგალური ბრუნვის და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი კიბერკომპონენტის შემცველი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება, ორივე სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულების რისკის მინიმუმამდე დაყვანას“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.