ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბელარუსის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის, ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი შედგა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს – ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის დირექტორს, იგორ მარშალოვს და ამავე სამსახურის წარმომადგენლებს – დიმიტრი დიაგილევს და ვიქტორ ბოგომაზოვს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბელარუსის დელეგაციას ქართველი კოლეგები გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მასპინძლობდნენ. მემორანდუმი მოიცავს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებას შორის გამოცდილების გაზიარებას საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის აღკვეთა-გამოვლენა, გამოძიების მიმართულებით.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს დანაშაულის გამოვლენის პრაქტიკული საკითხები გაუზიარეს. ასევე, იმსჯელეს დანაშაულის აღკვეთა-გამოვლენის პროცესში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მეთოდოლოგიაზე, გადასახადისთვის თავის არიდების სქემების, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დანაშაულის გამოვლენის, აქციზური საქონლის არალეგალური ბრუნვის აღკვეთის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით საგამოძიებო სამსახურის ეფექტიან საქმიანობას.
შეხვედრაზე კოლეგებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს. შეხვედრის შემდგომ, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს სპეციალური დანიშნულების რაზმის შენობა და საწვრთნელი ბაზა დაათვალიერებინეს.