ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პროფესიული დღე და დაარსებიდან 20 წლის იუბილე აღნიშნეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პროფესიული დღე და დაარსებიდან 20 წლის იუბილე აღნიშნეს. ამასთანავე, წარდგენილი იქნა უწყების 2023 წლის საქმიანობის ანგარიში.
საგამოძიებო სამსახურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გახსნა. მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა, განვლილი წლის განმავლობაში უწყების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასა და სამსახურის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საგამოძიებო სამსახურის უმნიშვნელოვანეს როლზე საფინანსო- ეკონომიკური დანაშაულის პრევენციის, გამოვლენის, გამოძიებისა და აღკვეთის მიმართულებით.
„საგამოძიებო სამსახურის ძალისხმევის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მობილიზებული თანხების ოდენობა ბოლო სამი წლის განმავლობაში სტაბილურად აღემატება 100 მლნ ლარს. ამავე პერიოდში მაჩვენებლების ზრდის ტენდენცია სახეზეა, როგორც გადასახადისათვის თავის არიდების, ასევე უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის და მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გამოშვების, შენახვის, რეალიზაციის ან გადაზიდვის კუთხით გამოვლენილი დანაშაულის ფაქტებთან მიმართებით. ვიმედოვნებ, რომ საგამოძიებო სამსახური კვლავაც წარმატებით გაუმკლავდება საკუთარი მანდატის ფარგლებში სხვადასხვა გამოწვევას, მათ შორის, აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო-სატრანსპორტო დერეფნის ინტენსიური განვითარების მზარდი პერსპექტივის გათვალისწინებით, ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი კომპლექსური დანაშაულებისა და კორუფციულ გარიგებათა პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას“, – აღნიშნა მინისტრმა და უწყების თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
საგამოძიებო სამსახურის პროფესიულ დღეზე სიტყვით გამოსვლისას საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა აღნიშნა, რომ სამსახურმა განვითარების რთული და იმავდროულად მნიშვნელოვანი გზა განვლო და დღეს მაღალი სტანდარტის მქონე უწყებად წარმოჩინდება. სამსახური ყოველწლიურად აფართოებს და უფრო ეფექტიანს ხდის საკუთარ საქმიანობას, რაც თავისთავად ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის კონკურენტული ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას. 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედ კოლეგა უწყებებთან ერთად, საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში სამსახურის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე. ასევე აღინიშნა, რომ სამსახურმა 2023 წელს სამართალდარღვევის 2 502 ფაქტი გამოავლინა, ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში პასუხისგებაში მიეცა 1 603 პირი, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხულმა თანხამ 379 მლნ ლარზე მეტი შეადგინა, ხოლო მობილიზებულმა თანხამ 130 მლნ ლარს გადააჭარბა.
„განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გადაგიხადოთ მოწვეული უწყებების, როგორც ფინანსთა სამინისტროს სისტემის, ასევე აქ მყოფი კოლეგა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ჩვენი სამსახურების მჭიდრო და ეფექტიანი კოორდინაციისათვის, რომლის შედეგად მრავალი დანაშაულის გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია შევძელით ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში“, – განაცხადა სოსო რამიშვილმა.
ღონისძიების დასასრულს ფინანსთა მინისტრმა და საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისა და პროფესიონალიზმისთვის სამსახურის წარმატებული თანამშრომლები სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვეს და მადლობის სიგელები გადასცეს.
ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.