ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თანამშრომელთა პროფესიულ დღეს აღნიშნავს
30 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თანამშრომელთა პროფესიულ დღეს აღნიშნავს და განვლილი წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გახსნა. მან უწყების განვლილი წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა და სამსახურის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ხაზი გაუსვა საგამოძიებო სამსახურის მიღწევებს, საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის პრევენციის, გამოვლენის, გამოძიებისა და აღკვეთის კუთხით უწყების როლს და ისაუბრა სამსახურის აქტიურ თანამშრომლობაზე სხვადასხვა ქვეყნის კოლეგა უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
„ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვა ხელს უწყობს ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შექმნას. ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ზოგადად, მნიშვნელოვანწილად, სწორედ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმატებულ საქმიანობას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უწყების ინსტიტუციურ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა, თანამშრომელთა სოციალური და სამუშაო პირობების გაუმჯობესება და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა საგამოძიებო სამსახურის განვლილი წლის ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა თანამშრომელთა პროფესიონალიზმსა და კვალიფიციურობაზე, რამაც განაპირობა 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მობილიზებული თანხების რეკორდული მაჩვენებელი.
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ უწყება მომავალშიც განაგრძობს აქტიურ მუშაობას კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს შენარჩუნებისა და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენისა და აღკვეთის მიმართულებით.
„მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის განმსაზღვრელმა ძირითადმა სტატისტიკურმა მონაცემებმა მიაღწიეს რეკორდულად მაღალ ნიშნულებს საგამოძიებო სამსახურის 19-წლიანი არსებობის განმავლობაში. ასეთი მიღწევა კი საგამოძიებო სამსახურის თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა“, – აღნიშნა სოსო რამიშვილმა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ვადამდელი წოდებებითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.
ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.