ფინანსთა სამინისტროს მიერ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, „რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „კავკასიას“ პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანების გადაუხდელობის გამო ინკასო დაედო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სამ ტელეკომპანიას, „რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „კავკასიას“ ინკასო დაადო. უწყების მიერ ტელევიზიებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა.
ფინანსთა სამინისტროს 23 დეკემბრის განცხადებაში განმარტებულია, რომ ეს გადაწყვეტილება მიმდინარე გადასახადების გადაუხდელობის გამო მიიღეს.
საქმე ეხება ბოლო ორი თვის გადასახადს, რომელიც ტელევიზიებს პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული არ გადაუხდიათ.
ფინანსთა სამინისტრომ მედიასაშუალებები 23 დეკემბერს სპეციალური განცხადებით გააფრთხილა და ერთდღიანი ვადა მისცა, რათა 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.
საქმე არ ეხება გასული წლების განმავლობაში დაგროვილ დავალიანებებს, რომელთან დაკავშირებითაც ფინანსთა მინისტრმა ჯერ კიდევ ზაფხულის თვეში მიმართა ტელემაუწყებლებს და სთხოვა, რომ ტელეკომპანიებს, წლების განმავლობაში დაგროვილი საგადასახდო დავალიანების შესახებ, ვალის რესტრუქტურიზაციაზე წინადადებები წარმოედგინათ და ასევე, მიმდინარე დავალიანებების გადახდა დაეწყოთ.
ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ვალის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და ტელემაუწყებლებს შორის ამ დრომდე გრძელდება შეთანხმების პროცესი, რომელიც გასული წლების განმავლობაში დაგროვებულ დავალიანებებს ეხება.
რაც შეეხება მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებებს, ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ტელევიზიებს პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული გადასახადები არ გადაუხდიათ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იძულებული გახდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები განეხორციელებინა და სამი ტელეკომპანიისთვის ინკასო დაედო.
ფინანსთა სამინისტრომ ორი დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომ აცნობიერებს მედიასაშუალებების უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში და სწორედ ამიტომ, სახელმწიფო მაქსიმალურად ითვალისწინებდა მათ ინტერესებს, რისი დასტურიც არის წლების განმავლობაში დაგროვილ საგადასახადო დავალიანებებზე გაწეული შეღავათები და მათი გადახდის გრაფიკზე ამ დრომდე მიმდინარე მოლაპარაკებები. ამასთან, საგადასახადო ორგანო არ არის ვალდებული, საჯარო გაფრთხილება მისცეს გადამხდელს საგადასახადო კოდექსით არსებული ღონისძიებების შესახებ და ფინანსთა სამინისტროს ეს განცხადებაც სწორედ ტელემაუწყებლების ინტერესების გათვალისწინებას ემსახურება.